წესები
რობოტების ბრძოლის წესები
1. ძირითადი
1.1 გუნდებმა საბრძოლოდ მზადმყოფი რობოტები უნდა წარადგინონ დათქმულ დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში რობოტი ტურნირიდან მოიხსნება.
1.2 მონაწილეობის მსურველ გუნდებთან გაფორმდება ხელშეკრულება. ორივე მხარე ვალდებულია, დაიცვას ხელშეკრულების პირობები.
1.3 ხელშეკრულების დარღვევის და გუნდის მიერ საბრძოლოდ მზადმყოფყოფი რობოტის დათქმულ დროს არწარმოდგენის შემთხვევაში, გუნდს დაეკისრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა.
1.4 აუცილებელია რომ, თითოეული გუნდის შემადგენლობაში იყოს მინიმუმ ერთი სრულწლოვანი გუნდის წევრი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდთან ხელშეკრულება ვერ გაფორმდება.
1.5 რობოტის პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს (არაღემატებოდეს და მინიმალურ ზღვარს არ სცდებოდეს) ტურნირის წესებით დადგენილს (იხ. 2.1 რობოტის პარამეტრები).
1.6 რობოტი უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ნორმებს და არ უნდა იყოს აღჭურვილი ნებისმიერი დამსწრე პირისთვის ზიანის მომტანი იარაღით.
1.7 მაშინ, როდესაც რინგზე მიმდინარეობს ორ რობოტს შორის ბრძოლა, სხვა ყველა რობოტი უნდა იყოს სრულად დეაქტივირებული. რათა თავიდან იქნას აცილებული სხიშირული ხარვეზები.
1.8 აუცილებელია, რობოტს ჰქონდეს ელექტრომოდულების, სქემების გასათიში ღილაკი, რომელიც მის სრულ დეაქტივაციას მოახდენს.
1.9 რობოტს უნდა ჰქონდეს აქტიური მექანიკური მოდულების გათიშვის სისტემა (ეს პუნქტი ეხება რობოტებს, რომელთაც შეუძლიათ მექანიკური ენერგიის დაგროვება).
2. რობოტის პარამეტრები
2.1 რობოტის მაქსიმალური წონა – 30 კგ. მინიმალური – 15 კგ.
რობოტის მაქსიმალური სიგანე – 70 სმ.
რობოტის მაქსიმალური სიგრძე – 70 სმ.
რობოტს უნდა შეეძლოს არანაკლებ 1.5 მ/წმ სიჩქარის განვითარება. რობოტის სიჩქარის მინიმალური დიაპაზონი 0-1.5 მ/წმ
3. სავალი სისტემა
3.1 დაუშვებელია რობოტის სავალ სისტემად ნებისმიერი საფრენი მოწყობილობის გამოყენება. რობოტი არ უნდა დაფრინავდეს.
3.2 დასაშვებია ბორბლების, მუხლუხოების, ფეხების ან მსგავსი სავალი სისტემის გამოყენება.
4. მართვის სისტემა
4.1 რობოტი უნდა იმართებოდეს დისტანციური პულტით.
4.2 მართვის პულტს და მიმღებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორი (სხვადასხვა)დაახლოებით 2.4 GHZ-ზე მომუშავე, მრავალარხიანი სიხშირე, თავისუფალი არხის ავტომატური არჩევით, რათა თავიდან იქნას აცილებული ორი მოწინააღმდეგე რობოტის სიხშირეების დამთხვევა.
4.3 დაუშვებელია რობოტის სამართავად სადენების ან კაბელის გამოყენება.
4.4 აუცილებელია, რობოტის პულტით მართვის რადიუსი შეადგენდეს მინიმუმ 25 მეტრს.
5. კვების წყარო
5.1 რობოტის კვების წყარო უნდა იყოს მუდმივი დენის და მისი ვოლტაჟი არ უნდა აღემატებოდეს 48 ვოლტს.
5.2 აკუმულატორის მოხსნა ან ჩანაცვლება უნდა ხდებოდეს მარტივად, დაახლოებით 2 წუთში.
5.3 რობოტს უნდა ჰქონდეს გარე ნათურა, რომელიც დაადასტურებს ენერგიის წყაროს გააქტიურებას.
5.4 ენერგიის ერთადერთი დასაშვები წყარო არის ელექტროენერგია (აკუმულატორი).
5.5 დასაშვებია სათადარიგო აკუმულატორის ქონა და მათი დამუხტვა.
5.6 დაუშვებელია შიდა წვის ძრავის ან მსგავსის გამოყენება.
6. საბრძოლო იარაღი
6.1აუცილებელია, რობოტი აღჭურვილი იყოს პასიური ან აქტიური იარაღით. დასაშვებია ორივე ერთად.
6.1.1 აქტიური შეიარაღება წარმოადგენს შეიარაღებას, რომელიც მოქმედებაში მოდის ელექტრომექანიკური, ელექტრული ან მექანიკური ენერგიის გამოყენებით.
6.1.2 პასიური იარაღი შეიძლება იყოს რობოტის კორპუსზე მიმაგრებული რაიმე ტიპის საგანი ან საგნები, რომელთა ამოქმედებაც არ მოხდება მართვის პულტიდან.
6.2 დაუშვებელია რობოტის საბრძოლო იარაღად,სითხის, ფხვნილის ან რაიმე ისეთი ნივთიერების გამოყენება, რომელიც მოწინააღმდეგე რობოტს მწყობრიდან გამოიყვანს.
6.3 დაუშვებელია მომწამვლელი ან აალებადი აირის, ელექტრო შოკის, ასაფეთქებლის, პნევმატური სასროლი მოწყობილობის ან რაიმე სხვა სახის სასროლი მოწყობილობის გამოყენება, მაყურებლებისა და ნებისმიერი სხვა დამსწრე პირის უსაფრთხოების გამო.
6.4 ნებისმიერმა იარაღმა, რომლის მუშაობის პრინციპიც დაფუძნებულია რაიმე სახის საგნის ტრიალზე (მაგ: ელექტრო/წრიული ხერხი), უნდა გაიაროს მკაცრი წინასწარი შემოწმება, რათა დაცული იქნას უსაფრთხოების ნორმები.
6.5 დაუშვებელია მოწინააღმდეგეზე გამარჯვების მოსაპოვებლად ნებისმიერი სახის რადიოგადამცემის გამოყენება, რომელიც შეაფერხებს, დაბლოკავს ან სხვა რაიმე სახის გავლენას მოახდენს მოწინააღმდეგე რობოტის სიხშირეზე.
6.6 იარაღის ზომა ძარის დასაშვები ზომის ლიმიტს (70 სმ) შეიძლება გადასცდეს მაქსმიმუმ 30 სმ-ით.
7. საკვალიფიკაციო ეტაპი
7.1 საკვალიფიკაციო ეტაპზე რობოტები ერთმანეთს გამავლობასა და სისწრაფეში შეეჯიბრებიან, რაც მათ სატურნირო ცხრილში განთესვას განაპირობებს.
7.2 რობოტები, რომლებსაც საკვალიფიკაციო ეტაპზე საუკეთესო მაჩვენებლები ექნებათ, პირდაპირ მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს (წესი შეიძლება შეიცვალოს რობოტების რაოდენობის ცვლილების მიხედვით).
7.3 დანარჩენი რობოტები, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპზე შედარებით დაბალ ქულებს მოიპოვებენ, მერვედფინალიდან დაიწყებენ ბრძოლას (წესი შეიძლება შეიცვალოს რობოტების რაოდენობის ცვლილების მიხედვით).
7.4 საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილეობა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი მოიხსნება ტურნირიდან.
8. საბრძოლო მატჩი
8.1 მერვედფინალსა და მეოთხედფინალში რინგზე ბრძოლა გრძელდება მაქსიმუმ 5 წუთს.
8.2 მერვედფინალსა და მეოთხედფინალში, რობოტების მიერ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ჟიური თანხმდება და ერთხმად ავლენს გამარჯვებულს.
8.3 ნოკაუტის შემთხვევაში ბრძოლა წყდება და ავტომატურად ცხადდება გამარჯვებული.
8.4 ნოკაუტად ითვლება ერთ-ერთი რობოტის მწყობრიდან გამოსვლა, განადგურება, სავალი სისტემის იმ დონეზე დაზიანება, რომ რობოტი ვეღარ შეძლებს მოძრაობას, ან 30 წამის განმავლობაში ერთ ადგილას უძრავად გაჭედვა.
8.5 ნოკაუტის ჩასათვლელად გათვალისწინებული 30 წამის ათვლა იწყება ჟიურის გადაწყვეტილებით.
8.6 ნახევარფინალსა და ფინალში ბრძოლა გრძელდება ნოკაუტამდე ან საბრძოლველად გამოყოფილი 5 წუთის შემდეგ – ერთი რობოტის მიერ მეორის წინააღმდეგ მოპოვებული ათქულიანი უპირატესობის დაფიქსირებამდე.
8.7 ბრძოლის დაწყებიდან 3 წუთის შემდეგ საბრძოლო რინგზე გაიხსნება ორმო, რომელში ჩავარდნაც ავტომატურად ჩაითვლება ნოკაუტად.
9. ტაიმ-აუტი
9.1 მერვედფინალსა და მეოთხედფინალში გუნდებს არ აქვთ ტაიმ-აუტის აღების უფლება.
9.2 ნახევარფინალსა და ფინალში თითოეულ გუნდა აქვს ორი ორწუთიანი ტაიმ-აუტის აღების უფლება.
9.3 გუნდებს შეუძლიათ აიღონ ორივე ტაიმ-აუტი ერთ ბრძოლაში ან გადაანაწილონ ორ სხვადასხვაზე.
9.4 ტაიმ-აუტის გამოყენება არ შეიძლება ჟიურის მიერ ნოკაუტის გამოსაცხადებლად ათვლილი 30 წამის განმავლობაში.
9.5 ტაიმ-აუტიდან გამოსვლის დასადატურებლად, რობოტმა უნდა გაიაროს მინიმუმ თავისი კორპუსის სიგრძის მანძილი.
10. ქულათა სისტემა
10.1 ჟიური შედგება სამი წინასწარ შერჩეული წევრისგან, რომლებიც ბრძოლას აფასებენ წინასწარ დადგენილი წესებისა და ქულათა სისტემის მიხედვით.
10.2 ჟიურის წევრები ინდივიდუალურად აფასებენ ბრძოლას და დამოუკიდებლად წერენ ქულებს. საბოლოოდ, ეს ქულები ჯამდება.
10.3 მოწინააღმდეგე რობოტისთვის მიყენებულ თითოეულ სერიოზულ დარტყმას ჟიური აფასებს 1 ქულით.
10.4 ბრძოლისთვის თავის არიდებასა და პასიურობაზე, მოწინააღმდეგეს ეწერება 1 ქულა.
10.5 მოწინააღმდეგისთვის ვიზუალური ზიანის მიყენების შემთხვევაში (ჯავშნის მოგლეჯა, კორპუსის დაზიანება და ა.შ.), ჟიური დომინანტ რობოტს აფასებს 2 ქულით.
10.6 მოწინააღმდეგისთვის ფუნქციონალური დაზიანების მიყენების შემთხვევაში (ბორბლის მოგლეჯა, მოწინააღმდეგის იარაღის მწყობრიდან გამოყვანა და ა.შ.), ჟიური დომინანტ რობოტს აფასებს 3 ქულით.
10.7 ნოკაუტის შემთხვევაში, ყველა ქულა ნულდება და ავტომატურად ცხადდება გამარჯვებული.